ალექსანდრე რევია - საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმა ორ ძირითად მიზანს ემსახურება, ინკლუზიური განვითარება და სიღარიბის დაძლევა
ალექსანდრე რევია - საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმა ორ ძირითად მიზანს ემსახურება, ინკლუზიური განვითარება და სიღარიბის დაძლევა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმდინარე რეფორმა ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ინკლუზიური განვითარება და სიღარიბის დაძლევა, ამ მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს კერძო ინვესტორების მენეჯერული ცოდნისა და ფინანსების მოზიდვა სურს და მზადაა, მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე პროექტებში ბიზნესს პარიტეტულ საწყისებზე პარტნიორობა გაუწიოს, – ამის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმდინარე რეფორმის კონცეფცია განიხილეს. დისკუსიის მსვლელობისას აღინიშნა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ამ ტიპის პარტნიორობამ, როგორც განვითრებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება აჩვენებს, პრაქტიკულად ყველგან გაამართლა.

რევიას განცხადებით, აღნიშნულ რეფორმაზე მუშაობა სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი, შესაბამისი სააგენტო ამოქმედდა.

„ჯერ შეიქმნა ე.წ. პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელმაც კანონზე მუშაობას ჩაუყარა საფუძველი და დღეს მივიღეთ სრულიად გამართული საერთაშორისო სტანდარტებზე სრულად მორგებული და ბევრი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მოწონებული რეფორმა, რომელიც ფაქტობრივად შარშან ამოქმედდა. თუმცა სააგენტო წლის დასწყისში თებერვალში ჩამოყალიბდა, რითაც საჯარო და კერძო თანამშრომლობა უკვე სხვა საკმაოდ განვითარებულ ეტაპზე გადადის“,  – განაცხადა ალექსანდრე რევიამ.

მისი განმარტებით, რეფორმის მიზანია, პროექტები, რაც საჯარო სერვისის მიმართულებით ხორციელდება, იყოს უფრო გამჭვირვალე და სტრუქტურიზებული, რათა დაინტერესებულმა ინვესტორმა თავიდანვე იცოდეს სახელმწიფოსთან კონტრაქტში შესვლის დროს რა მოთხოვნები და პროცედურებია გასავლელი. რევიას თქმით, მიმდინარე რეფორმით სახელმწიფომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, რაც ინვესტორების მოზიდვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციებსაც პასუხობს.

„ამ რეფორმით მთავრობამ ფაქტობრივად სამი-ოთხი სიახლე შემოიღო. ეს არის გამჭვირვალობის მაღალი დონე, რაც საქართველოში კი არა რეგიონის არც ერთ ქვეყნაში არ გვქონდა. მეორეა სტრუქტურიზებული მიდგომა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორებმაც და სახელმწიფომაც უკეთ ვიცით სად, რა ეტაპზე რა მოთხოვნები და პროცედურებია. შემდეგი მიმართულებაა ფისკალური მდგრადობა. ეს ნიშნავს, რომ ფისკალურად მდგრადი პროექტი რომ გაკეთდეს, ყველა პოტენციური რისკი თავიდანვე უნდა შეფასდეს. მეოთხე მიმართულება არის გაერო-ს მიერ რეკომენდებული ე.წ. ადამიანზე ორიენტირებული საჯარო-კერძო თანამშრომლობა. ანუ პროექტი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ფინანსურად და ეკონომიკურად, არამედ სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებითაც“, – განმარტა რევიამ.

მისი ინფორმაციით, საჯარო-კერძო პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სახელმწიფომ შეძლოს გაერო-ს მიერ განსაზღვრული მდგრადი განვითარების 17 პრიორიტეტის შესრულება, რაზეც საქართველომ ხელი მოაწერა.

„კერძო პარტნიორი პირველ რიგში იმიტომ გვჭირდება, რომ ის უფრო ეფექტიანია, ბევრად უკეთესად იცის, როგორ მართოს პროცესი და აქვს შესაბამისი ცოდნა. ეს სამი კომპონენეტი აუცილებელია, რომ ნებისმიერი სერვისი იყოს გამართული. ამას დავამატოთ ფინანსები. ყველას მოგეხსენებათ გაერო-ს განვითარების ე.წ. მდგრადი განვითარების 17 მიზანი. საქართველო ამ ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყანაა. ამ მიზნებს რომ მიაღწიოს, მსოფლიომ ყოველწლიურად დამატებით 5-7 ტრილიონ დოლარამდე ინვესტიცია უნდა ჩადოს. ეს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8-10 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული თანხა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ და ამის დაახლოებით ორი-მესამედი უნდა წამოვიდეს კერძო სექტორიდან. გარდა ამისა, საქართველო ბიზნესზე ორიენტირებული ქვეყანაა. ცოდნის გარდა ინვესტორებისგან გვჭირდება დაფინანსება“, – განაცხადა რევიამ.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სახელმწიფო მზადაა, ბიზნესთან პარიტეტულ დონეზე ითანამშრომლოს.

„მთავარი მიზანია ვითანამშრომლოთ პარტნიორულ პარიტეტულ დონეზე. იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი ურთიერთობა. ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი ეს არის. ბიზნესმა უნდა იცოდეს, სად შედის, რა პრინციპებით და რას უნდა ელოდოს. ასევე სახელმწიფომ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ვპარტნიორობთ და ვპარტნიორობთ გრძელვადიანად“, – განაცხადა ალექსანდრე რევიამ.

მისი განმარტებით, პარტნიორული პროექტების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პროექტის სოციალური მხარე იქნება, რადგან რეფორმის მთავარი მიზანია ინკლუზიური ზრდა და სიღარიბის დაძლევა. ინვესტორი რაც მეტ სოციალურ პროექტს აიღებს თავის თავზე, მით მეტია შესაძლებლობა, რომ პროექტში სახელმწიფო შევიდეს. პროექტები გრძელვადიანი უნდა იყოს, სულ მცირე 5 წელზე გათვლილი. რაც შეეხება სექტორებს, პრიორიტეტულად ჯანდაცვა, განათლება და ენერგეტიკა სახელდება, თუმცა რეალურად სექტორული შეზღუდვა არ იქნება.

„რეფორმა ორ ძირითად მიზანს ემსახურება, რაც მთავრობის სამოქმედო გეგმაში დევს, ეს არის ინკლუზიური განვითარება და სიღარიბის დაძლევა. ამ ორი მიზნის მისაღწევად აუცილებელია კომპელქსურ-სტრუქტურული მიდგომა. არავითარი სექტორული შეზღუდვა არ გვაქვს. მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ პროექტი სტრატეგიული განვითარების მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ჯანდაცვა, განათლება, ენერგეტიკა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია. თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, რომ ინოვაციურ სექტორებსაც შევუწყოთ ხელი, რადგან საქართველოს აქვს ამბიცია და შესაძლებლობა ე.წ. ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის რეგიონული ჰაბი გახდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რევიამ.

დატოვე კომენტარი