ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკა მოსწონს, ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის
ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოსწონს, ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე საქართველოს მხრიდან არანაირი საპასუხო რეაქცია არ უნდა იყოს.
„სხვა დროს, სხვა კონტექსტში ეს შეიძლება, კარგი რამ ყოფილიყო. ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოსწონს და ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის. პირიქით, იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდან. ეს შეიძლება, ჩვენ ისეც გვცოდნოდა ბევრი სხვადასხვა ნაბიჯიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე არა მარტო შიგნიდან ჩანს, არამედ ჩვენი მტრებიც კი აფასებენ ამას თავისებურად. ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი საპასუხო რეაქცია არ უნდა იყოს. რუსებმა გააუქმეს სავიზო რეჟიმი. გასაგებია, რომ ვიღაც ჩვენს მოქალაქეებს ეს გამოადგებათ, მაგრამ პრობლემა სავიზო რეჟიმში არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის რუსეთის პასუხი ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა კარგია, ეს არის ცუდი. ამაზე პასუხი უნდა იყოს მკაფიო ნაბიჯები საგარეო პოლიტიკაში, იმგვარი, რომელიც რუსეთს არ მოეწონება. ანუ პროევროპული ნაბიჯები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.