ალექსანდრე რაქვიაშვილი - შეიძლება დავუშვათ, რომ პოლონელ ექიმს სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები, ამ ამბავს სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს ზედმეტი ყურადღება ექცევა.
„ვერ გავიგე, ნიმუშის ასე გამოტანას რა საფრთხე შეიძლება მოჰყოლოდა. ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურებოდა. შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები. ამ ამბავს სხვანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე. მგონი, ამ ისტორიას ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ. მეტი სხვა აზრი არ მომდის. თუ სხვა უკეთესი ახსნა იქნება, სიამოვნებით მოვისმენდი“, – აღნიშნა ალექსანდერე რაქვიაშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.