ალექსანდრე რაქვიაშვილი - როცა „ქართულ ოცნებას“ ვაბრალებთ არაფორმალურ მმართველობას, მაშინ ოპოზიციაში პირიქით უნდა ვიქცეოდეთ, მეტი გამჭვირვალობისკენ თუ წავლენ ოპოზიციონერები, რომლებიც ასეთ ურთიერთობას აყალიბებენ ბიზნესმენებთან, უკეთესი იქნება
ალექსანდრე რაქვიაშვილი - როცა „ქართულ ოცნებას“ ვაბრალებთ არაფორმალურ მმართველობას, მაშინ ოპოზიციაში პირიქით უნდა ვიქცეოდეთ, მეტი გამჭვირვალობისკენ თუ წავლენ ოპოზიციონერები, რომლებიც ასეთ ურთიერთობას აყალიბებენ ბიზნესმენებთან, უკეთესი იქნება

ოპოზიციის ერთიანობაში მგონი პრობლემა არ არის, რატომ უნდა იყოს ოპოზიცია ზოგადად ერთიანი, პრობლემა ამ შემთხვევაში ის არის, რომ ხშირად ამომრჩეველმა არც კი იცის, ვისთან აქვს საქმე, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თავისთავად, ოპოზიციის ერთიანობაში მგონი პრობლემა არ არის. რატომ უნდა იყოს ოპოზიცია ზოგადად ერთიანი. შეიძლება, იყოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა მიზნებით და ა.შ. ეს ნორმალური იქნება და უკეთესიც. პრობლემა ამ შემთხვევაში მხოლოდ ის არის, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ამომრჩეველმა არც კი იცის ვისთან აქვს საქმე. პოლიტიკოსი გამოდის და თავისი სახელით არ ლაპარაკობს. არიან ფარული დამფინანსებლები, დამკვეთები, რომლის დავალებასაც ისინი ასრულებენ, მაგრამ ამომრჩევლისთვის არ არის ხოლმე ცნობილი. მერე, როცა ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან და აღმოჩნდება, რომ ეს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი კი არ იყო, არამედ კეზერაშვილის დავალებას ასრულებდა, მაშინ ეს პრობლემას აჩენს“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

​მისივე თქმით, გამჭვირვალობა ოპოზიციურ ფლანგზე ბევრად უკეთესი იქნებოდა.

„როცა ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვაბრალებთ არაფორმალურ მმართველობას, მაშინ ოპოზიციურ ფლანგზე პირიქით უნდა ვიქცეოდეთ. ანუ ოპოზიციის მხარეს უნდა იყოს ძალიან გასაგები გამჭვირვალე წესები. თუ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფორმალური მმართველი ჰყავდა ან რომელიმე სხვა პარტიას, რომელსაც რაღაცნაირად აფინანსებს და არ ვიცით როგორ, ეს ბუნებრივად აჩენს კითხვებს და ამ პოლიტიკოსების გულწრფელობაში ეჭვი შეგვაქვს, რაც საბოლოო ჯამში ასუსტებს ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, ზოგადად თუ მეტი გამჭვირვალობისკენ წავლენ ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციონერები, რომლებიც ასეთ ურთიერთობას აყალიბებენ ბიზნესმენებთან, უკეთესი იქნება.

საბოლოო ჯამში, კეზერაშვილს, ცხადია, თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს, ეს ახლა ხომ არ დაიწყო პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან ბუნებრივია, რომ ვიღაცას უჭერდეს მხარს და ვიღაცის წინააღმდეგ გამოდიოდეს. ოპოზიციაში არ ვიცი, მაგრამ ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება უკვე გამოიწვია, ეს ფაქტია. ზოგადად, მგონი კეზერაშვილს პირველად არ გაუკეთებია ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ამასთან, „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კეზერაშვილთან „პარტნიორობს და იპარტნიორებს“.