ალექსანდრე რაქვიაშვილი - მარგველაშვილი თვითონ აჩვენებს, რომ თავადაც არ ესმის, რა არის გაერთიანება, რადგან უცბად პერსონალიების შეფასებებით დაიწყო და არა - იდეების
მარგველაშვილი თვითონ აჩვენებს, რომ თავადაც არ ესმის, რა არის გაერთიანება, რადგან უცბად პერსონალიების შეფასებებით დაიწყო და არა – იდეების, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილის პრობლემა ის არის, რომ გაერთიანებები ჰგონიათ ადამიანების გაერთიანება და ამ საკითხს უყურებენ ისე, რომელი ადამიანი მოსწონთ, რომელი – არა. რაქვიაშვილის თქმით, სინამდვილეში, გაერთიანება შეიძლება იყოს იდეების ირგვლივ.
„ადამიანები თუ იდეებზე თანხმდებიან, ეს უფრო მდგრადი გაერთიანება იქნება. მეორე საკითხია, როგორ დავიჯეროთ სხვადასხვა პოლიტიკოსის გულწრფელობა ამა თუ იმ იდეაზე. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი სპექტრი, მაგალითად, გაერთიანდება პროპორციულ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერით. პერსონალიების შეფასება უნდა დავიწყოთ და არც კი ვიცით, ამ ხალხს რა უნდა, მათი მიზნები საზოგადოებისთვის უცნობია. საზოგადოებისთვის კი არა, უმეტეს შემთხვევაში, ჩემთვისაც უცნობია. აქედან გამომდინარე, ასეთი გაერთიანებების არ მჯერა. მარგველაშვილი თვითონ აჩვენებს, რომ არც თავად ესმის, რა არის გაერთიანება, რადგან უცბად პერსონალიების შეფასებებით დაიწყო და არა – იდეების“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა მარგველაშვილი ადამიანი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილის გაერთიანება შეუძლია, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ „გამორიცხულია, მარგველაშვილმა ვინმე გააერთიანოს“.
„ეს ის პრეზიდენტია, რომელზეც ვერცერთი ისტორიკოსი ვერაფერს დაწერს. უბრალოდ იტყვიან, რომ მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი და მერე, ამის შემდეგ არაფერი დაიწერება. არაფერი გაუკეთებია. მისი წინა კარიერა იმით დაამახსოვრდა ხალხს, რომ აგრარული უნივერსიტეტის დახურვას აპირებდა და მისგან მონანიება არ მოგვისმენია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარგველაშვილს ტელევიზორში დაბრუნება უნდა და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. არ მესმის, რა პოლიტიკური წონა აქვს ან ვისთვის შეიძლება, იყოს საინტერესო მაგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოიყვანა.