ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხალხს დღემდე ჰგონია, რომ დაბალი ბარიერი პატარა პარტიებისთვის დახმარება ან ხელშეწყობაა, მაგრამ ასე არ არის
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხალხს დღემდე ჰგონია, რომ დაბალი ბარიერი პატარა პარტიებისთვის დახმარება ან ხელშეწყობაა, მაგრამ ასე არ არის

სამწუხაროდ, ხალხს დღემდე ჰგონია, რომ დაბალი ბარიერი ეს არის პატარა პარტიებისთვის დახმარება ან რაღაც ხელის შეწყობა, მაგრამ ეს ასე არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მთავარი ის კი არ არის, რომ ვიღაც დაგვეხმარება, მაგალითად, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ შემდგომ პარლამენტში 2 ან 3%-იანი რეიტინგით გავიდეთ, რადგან ჩვენ რა მიზნებიც გვაქვს, იმას 3-4 დეპუტატით უბრალოდ, ვერ შევასრულებთ. გვინდა, ტრიბუნა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ხალხს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური მიზნები. პირადად ჩემთვის, შემდეგ არჩევნებზე 2% იქნება მარცხი და არა რაღაც განსაკუთრებული ხელშეწყობა. 5-6% ძალიან ბუნებრივი შემდეგი ეტაპია ჩემთვის. თუ ეს რეალისტური ვერ ხდება, ესე იგი, ჩვენ ცუდად ვმუშაობთ, სხვა პოლიტიკური პარტიები უნდა მოვიდნენ, სხვამ უკეთესად იმუშაოს და მსგავსი იდეები დაიცვას, რადგან შეუძლებელია, უსასრულობამდე გქონდეს 2% და მართლა მოახდინო მაგალითად, მასშტაბური პრივატიზაცია ან მიაღწიო მულტისავალუტო რეჟიმს და ა.შ, რაც მართლა გვსურს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დაბალი ბარიერი რეალისტური შანსი შედარებით მცირე პარტიებისთვის, რომ დარჩნენ დამოუკიდებელ მოთამაშეებად პოლიტიკურ ველზე და არ გახდნენ იძულებული, პერიოდულად, თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ შედარებით დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ დაბალი ბარიერი ეს იქნება დიდი პარტიების დიქტატის დასრულება.

„აი, ნახეთ, რამხელა კონგლომერატია „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენი პარტიაა შიგნით გაერთიანებული, რომელთაგან ზოგი უფრო ცნობილია, ზოგი კი, ნაკლებად ცნობილი. 5%-იანი ბარიერის პირობებში მათ არანაირი სხვა შანსი არ აქვთ პარლამენტში, გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდნენ. დაბალი ბარიერი არის საშუალება, რომ სხვადასხვა პატარა პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს და მერე, თუ ერთხელ წარმატებული იქნებიან, ტრიბუნა გამოიყენონ, შეძლონ, უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ და გაიტანონ თავიანთი იდეები კიდევ ერთი არჩევნების შემდეგ, მაგრამ როგორც კი ბარიერი მაღალია, ნებისმიერი პატარა და ახალი პარტიის მომავალი ფაქტობრივად, აქ მთავრდება; ყველა იძულებული ხდება, დიდ პარტიასთან გაერთიანდეს და დაკარგოს თავისი სპეციფიკური პოზიცია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, დაბალი ბარიერი და პარტიების მრავალფეროვნება ეს არის პოლარიზაციის დასრულების საუკეთესო გზა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა გამოიტანა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრიდან, არის თუ არა მმართველი პარტია მზად ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და თუ მოუსმინა და გაიზიარა მთავარმა კანონმდებელმა ოპოზიციის ინიციატივები და წინადადებები, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრამ ნორმალური საუბრის პირობებში ჩაიარა, „გირჩს“ აინტერესებდა, როგორ ხედავს მმართველი გუნდი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესს და ამ ათი პუნქტის მიმართ შეიძლება, გარკვეული ოპტიმიზმი არსებობდეს, მაგრამ ორი საკვანძო პუნქტის, დეპოლარიზაციის და სახალხო დამცველის არჩევის საკითხის შესრულება ძალიან რთულია და ჯერჯერობით, ამ ორი პუნქტის შესრულების გზა არ ჩანს.

„12 პუნქტში არის ორი საკვანძო პუნქტი, რომლის შესრულებაც ძალიან რთულია და ჯერჯერობით, გზა არ ჩანს, როგორ უნდა შესრულდეს, მაგრამ არის ათი პუნქტი, რომელიც პრინციპში, შესრულებადია და ამას ჩვეულებრივი მუშაობა სჭირდება; სამუშაო ჯგუფი იქნება ეს, თუ კომიტეტი, ეს ტექნიკური საკითხია. ჩვენ ეს გვაინტერესებდა, როგორ წარმართავს ამ პროცესს „ქართული ოცნება“ და იქნება თუ არა ნორმალური დისკუსია. ამ ათი პუნქტის მიმართ შეიძლება, გარკვეული ოპტიმიზმი გვქონდეს, რაზეც შევთანხმდით, რომ პროცესი შემდეგი კვირიდან აქტიურად დაიწყება და იქვე, პროცესში გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ კონსტრუქციული იქნება კრიტიკისთვის, ახალი აზრებისთვის, ალტერნატიული წინადადებებისთვის. ეს გამოჩნდება არა ორი თვის შემდეგ, არამედ ერთ-ორ კვირაში. ასეთი შეთანხმება გვქონდა და ამიტომ, არ მოგვიწევს დიდხანს ლოდინი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეკითხვაზე, პოლიტიკურად რამდენად მართებული გადაწყვეტილებაა ის, რომ ოპოზიციის ნაწილი პაპუაშვილთან შეხვედრას არ დაესწრო, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს სრულიად აუხსნელია, რადგან ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინიმუმ, ოპოზიცია არ გახდეს ამ პროცესის დესტრუქტორი და ევროინტეგრაციას ხელი არ შეუშალოს, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ დაელაპარაკება.