ალექსანდრე რაქვიაშვილი - ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როცა ქვეყნის შესახებ დოკუმენტებს ამზადებს
ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ქვეყნის შესახებ დოკუმენტებს ამზადებს, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
Მასს დანიის ელჩთან დაკავშირებით შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
„დანიის ელჩი ცდება, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის ერთპიროვნული მმართველია. ერთპიროვნული მმართველობა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილისნაირი ხუთი ადამიანი რომ გვყავდეს, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებოდნენ თავიანთი პარტიებით და ტელევიზიებით, ბევრად უკეთესი წყობა იქნებოდა, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა. ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს. ვიზიარებ კრიტიკას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის არის ერთპიროვნული მმართველი და პრობლემებს თუ თანამდებობებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რათა ზუსტად გვესმოდეს, რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.