ალექსანდრე მოწერელია - თხილის მოსავლის ზარალის ასაცილებლად, თებერვლის ბოლოს თხილის ნარგავები უნდა შეიწამლოს
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2017 წლის თხილის მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირება, ძირითადად ბაქტერიოზმა და სოკოვანმა დაავადებებმა გამოიწვია.
როგორც „მოამბესთან“ საუბარში ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, იმისათვის, რომ მეთხილეებმა კარგი მოსავალი მიიღონ, საჭიროა თებერვლის ბოლოდან თხილის ნარგავები, სპილენძის შემცველი 2%-იანი ხსნარით დაამუშაონ, რასაც მოწერელიას ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ფერმერები უგულებელყოფენ.
„ფაროსანასთვის თხილი არ წარმოადგენს ძირითად საკვებ ბაზას, ასევე ძალიან საშიშია სხვა კულტურებისთვის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მთელი აქცენტი გადატანილია მოსახლეობაში ფაროსანაზე. ყურადღების მიღმა კი ერთი დიდი პრობლემა დარჩა, რაც არის თხილის გულის ვიზუალური თუ ფარული სიდამპლე. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გასულ წელს ქართული თხილის ხარისხი გაუარესდა. ფაროსანას წვლილი მხოლოდ 20% იყო. ამდენად ის ღონისძიება რც შეიძლება გატარდეს, რომ მინიმუმადე შემვამციროთ თხილის მოსავლის ზარალი, ამისთვის საჭიროა თებერვლის ბოლოს ჩატარდეს თხილის ნარგავების წამლობა, დამუშავდეს სპილენძის შემცველი 2%იანი ხსნარით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გაცილებით შეამცირებს 2018 წელს ზარალს“, – განაცხადა „მოამბესთან“ საუბარში თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე განცხადებით, შესაწამლი ღონისძიებები არც შარშან და არც გასულ წლებში არ გატარებულა.
ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს ფერმერებს, მიმართონ აგროსპეციალისტებს და მათი რეკომენდაციით ჩაატარონ შეწამვლითი სამუშაოები ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
„ეს ღონისძიებები არც შარშან და არც წინა წლებში გატარებულა. იმ მწარმოებლებს, ვინც თხილის ნარგავები თებერვლის ბოლოს შეწამლეს, გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ სხვებთან შედარებით. ამიტომ თხოვნა იქნება, ფერმერებმა აუცილებლად მიმართონ აგრარიკოსებს და აგრარიკოსების რეკომენდაციით ჩაატარონ შეწამვლითი ღონისძიებები ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ“, – აღნიშნა „მოამბესთან“ საუბარში თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
რაც შეეხება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას, მოწერელიას ინფორმაციით, მარტში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვევიან და მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველ კოლეგებს რეკომენდაციებს მისცემენ.
„ფაროსანას რაც შეეხება, სახელმწიფო პროგრამა შემუშავებულია, ახლა მთავრობა ამერიკელი სპეციალისტების ჩამოსვლას ელოდება. როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მარტში გვექნება“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.