ალექსანდრე მოწერელია - შეიძლება ითქვას, რომ მთელ სამეგრელოში სტაბილური მდგომარეობაა
შეიძლება ითქვას, მთელ სამეგრელოში სტაბილური მდგომარეობაა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„გუშინ კომენდანტის საათის პირველი დღე იყო და განსაკუთრებულ სამართალდარღვევებს ადგილი არ ჰქონია. იყო ორი სამართალდარღვევა. ძირითადად, მოსახლეობა ითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ამდენად, კომენდანტის საათის განსაკუთრებულ წესებს ყველა ემორჩილება. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა მოწერელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ემორჩილებიან და იცავენ არსებულ შეზღუდვებს აგრარულ ბაზრებში, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ბაზარში სულ სხვა სურათია.
„ბაზარში ჯერ სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის მოცემულობა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციების დაცვას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მოსახლეობის მდგომარეობას და ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ბაზარში დასაქმებული თითოეული მეწარმისთვის ასეთ ჟამს იქ ყოფნა მნიშვნელოვანია, რათა ლუკმა პური შემოუვიდეთ, თუმცა, ეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ხვალ კიდევ ერთხელ შევეცდებით, მათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების და სხვა რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდოთ. თუ მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოხდება, პარასკევს შტაბის შეხვედრა გვექნება და ალბათ, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ფოთში, სენაკში და ზუგდიდში აგრარული ბაზრებიც დაიხუროს“, – განაცხადა მოწერელიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა აგრარულ ბაზრებში დასაქმებულ მოქალაქეებს მიმართა:
„სახელმწიფოს ასეთ ვითარებაში რადიკალური ზომებზე წასვლა ნამდვილად არ უნდა და ყველანაირად ვცდილობთ, ყველას ინტერესი გავითვალისწინოთ, მაგრამ ის, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ითხოვს, რთულად შესასრულებელი არ არის და გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და დისტანცია. შესაბამისად, მივიღებთ გამართულად მომუშავე ბაზარს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს არა მხოლოდ მეწარმე, არამედ ჩვენი მოქალაქეებიც“, – განაცხადა მოწერელიამ.
მისი თქმით, ღონისძიებები, რაც სამეგრელოში ტარდება, არის იმის პრევენცია, რომ ვირუსის გავრცელება სწრაფი ტემპით არ მოხდეს.
„მოგეხსენებათ, ზუგდიდს რამდენიმე შემოსასვლელი აქვს და ყველა შემოსასვლელში დგას საკონტროლო-გამშვებ პუნქტი. გუშინ, ფოთის გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა ექვსი მოქალაქე, რომლებსაც მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. აქედან, ნაწილი საქართველოს მოქალაქე იყო, ნაწილი კი უცხოეთის. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ერთი ადამიანი, ჩვენი პოლიციის ეკიპაჟის მიერ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე იქნა მიცილებული“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.