ალექსანდრე მოწერელია - მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება, აღსრულების ნაწილში ვამკაცრებთ ზომებს
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მაგალითად ზუგდიდში გუშინ საკმაოდ ხალხმრავლობა იყო.
ჩვენი მედიკოსების მიერ ყოველწუთს ხდება მოწოდება, რომ ერთადერთი, ყველაზე უსაფრთხო გადარჩენა ეპიდეემისგან არის სახლში ჯდომა. ვინაიდან ეს მოწოდება ყველამ ყურად ვერ იღო, ამდენად, აღსრულების ნაწილში ჩვენ ვამკაცრებთ ზომებს“,- განაცხადა მოწერელიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მეტად რისკის ზონებია ფოთი და ზუგდიდი.
„რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში, რა თქმა უნდა შესასვლელში. ამ ორ ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს. მოგეხსენებათ, ფოთში ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება შემდეგ აქ ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს. რაც შეეხება ზუგდიდს, სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში მდგომარეობა ვიცით, რომ კონტროლს არ ემორჩილება და არ არის გატარებული ის ღონისძიებები, რაც არის გატარებული ჩვენთან, საფრთხე არსებობს ძალიან მაღალი, როგორც აფხაზეთში, ისევე ყველგან. თუკი მოხდება გავრცელება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობენ, ჩვენი თანამემამულეები მივიღოთ. ამდენად, რუხის საავადმყოფოს აღჭურვის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა სწორედ ეს იყო“, – განაცხადა მოწერელიამ.