ალექსანდრე მოწერელია - ხელისუფლება არანაირ პროვოკაციას არ დაუშვებს, არჩევნებს მშვიდობიან გარემოში ჩავატარებთ
საქართველოს ხელისუფლება არანაირ პროვოკაციას არ დაუშვებს, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
მოწერელიამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა სამხედრო საკითხებში ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გია უდესიანი იმყოფებიან და ზუგდიდში, არჩევნებისთვის დესტრუქციული ჯგუფების შეყვანას გეგმავენ.
მოწერელიას თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნება. საქართველოს ხელისუფლება არანაირ პროვოკაციას არ დაუშვებს. არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდობიან გარემოში ისე, როგორც შეეფერება ჩვენს ღირსეულ მოსახლეობას. პროვოკატორები თუ გამოჩნდებიან, კანონის შესაბამისად იქნებიან დასჯილი“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ამასთან, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, ექსპერტის განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს.
„აღნიშნულზე არ ვფლობ ინფორმაციას, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში მუშაობს მსგავს საფრთხეებთან დაკავშირებით და არ დაუშვებს მსგავსი პროვოკაციების გამოწვევას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა დათა ახალაიასა და გია უდესიანის შესახებ განცხადება „აფხაზინფოზე“ დაყრდნობით გააკეთა.