ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულ დაესუ ჩანგ შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორონავირუსის (COVID-19) შესახებ და ადგილზე არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა.
კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ქალაქებისა და რეგიონების შესახებ, რომლებშიც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. აგრეთვე, განხილეს ღონისძიებები, რომლებსაც კორეის რესპუბლიკის მთავრობა ატარებს დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.
მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედებებზე.