ალექსანდრე ხვთისიაშვილი - უნგრეთის პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა გაიაროს დეტალები, როგორ შეიძლება, მეტი დახმარება გაგვიწიოს
უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
„როგორც იცით, უნგრეთი არის საქართველოს მეგობარი და ძალიან დიდი მხარდამჭერი ქვეყანა. უნგრეთი აქტიურად გვიჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი ახორციელებს ბევრ პროექტს, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის ძალიან აქტიური დამცველი და მხარდამჭერი“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მისივე თქმით, უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება.
„იქნება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტი მოინახულებს საოკუპაციო ზოლს, ესტუმრება ერთ-ერთ სოფელს და მოინახულებს საოკუპაციო ზოლს. მას ასევე შეხვედრა ექნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ მასთან გაიაროს დეტალები, როგორ შეიძლება, უფრო მეტად იყოს ჩართული უნგრეთი ამ თემაში და უფრო მეტი დახმარება გაგვიწიოს. ვიზიტის მსვლელობისას იქნება განხილული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური მიმართულებით, თავდაცვის, სასჯელაღსრულების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა. ოფიციალურ შეხვედრებს იანოშ ადერი ხვალ დაიწყებს.