ალექსანდრე ხვთისიაშვილი - კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც რომის კლინიკაში მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე იტალიის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან.
„იმ ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას გადის ისეთივე მეთოდით, როგორც იტალიისა და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები. საელჩო 24-საათიან კომუნიკაციაშია ამ ადამიანთან. მივაწოდეთ შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე მუდმივად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოკითხვა. საელჩო კომუნიკაციაშია არა მარტო მასთან, არამედ კლინიკასთან და იტალიის სხვა შესაბამის სამსახურებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.
„ჩვენი მოქალაქეები და საელჩო მუდმივ კავშირზე არიან ერთმანეთთან. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მოქალაქეს აქვს სიმპტომები ან აღენიშნება ეს ვირუსი. ჯერ მდგომარეობა ამ კუთხით არის დამაკმაყოფილებელი. როგორც აღვნიშნე, მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნონ მონაცემები. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყურადღებას მიაქცევს.