ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - ბოლო ორი დღეა, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.
ბოლო ორი დღეა, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – შვიდი, შიდა ქართლში – ორი, ხოლო ქვემო ქართლში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 733 შემთხვევა“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.