ალექსანდრე გოგინავა - ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია
ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია, – განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ უამრავი კვლევა ჩატარდა და ცნობილია, რომ ზღვა, კონკრეტულად, წყალი არის უსაფრთხო. ანუ, ზღვიდან კორონავირუსული ინფექციის გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც ექსპერიმენტულად და არც კლინიკურად არავის არ აღუწერია. ამიტომ, ზღვა არის უსაფრთხო. ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია“, – განაცხადა გოგინავამ.
ამ განცხადებით ალექსანდრე გოგინავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ჩასვლა.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, უბრალოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ თვითონ სანაპიროზე დავიცვათ განსაკუთრებით, ფიზიკური დისტანცირება.
მისივე თქმით, ძალიან რთულია მონიტორინგი, იცავენ თუ არა ადამიანები სანაპიროზე ფიზიკურ დისტანციას და ამიტომ, საზოგადოების თვითშეგნება ძალიან მნიშვნელოვანია.
„აუცილებელია, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება. ადამიანთა ჯგუფებს შორის უნდა იყოს 2,5-3 მეტრიანი დისტანცია. ეს გამოიწვევს იმას, რომ სანაპიროზე დაინფიცირების რისკებს შევამცირებთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.