ალექსანდრე გოგინავა - ორი-სამი კვირა გაასმაგებული ყურადღება გვმართებს, რათა ზაფხული და შემდეგი პერიოდიც ბევრად მსუბუქად და თავისუფლად გავატაროთ
ალექსანდრე გოგინავა - ორი-სამი კვირა გაასმაგებული ყურადღება გვმართებს, რათა ზაფხული და შემდეგი პერიოდიც ბევრად მსუბუქად და თავისუფლად გავატაროთ

ამ ორი-სამი კვირის განმავლობაში გვმართებს გაასმაგებული ყურადღება, რათა ზაფხული და შემდეგი პერიოდიც ბევრად უფრო მსუბუქად და თავისუფლად გავატაროთ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„თუ დღევანდელ დინამიკას შევინარჩუნებთ, საზოგადოება რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და პირდაპირ ვიტყვი, მომდევნო ორ-სამ კვირას გავუძლებთ, როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე საზოგადოება, დიდი ალბათობით, მაისის ბოლოდან, ივნისი-ივლისიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ბევრად დაიკლებს და შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ პიკი გადავლილი იქნება. ამიტომ, აი, ამ ორი-სამი კვირის განმავლობაში გვმართებს გაასმაგებული ყურადღება, რომ შემდეგ, ზაფხული და შემდეგი პერიოდიც ბევრად უფრო მსუბუქად და ამ დაავადებისგან თავისუფლად გავატაროთ“, – განაცხადა გოგინავამ.

ამ განცხადებით ალექსანდრე გოგინავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, ტემპერატურის მომატებამკოვიდ 19“-ზე იმოქმედოს და პანდემია შენელდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ნაადრევი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა სხვა ასპექტებიდან გამომდინარე არის აუცილებელი, როგორიცაა სოციალური ფონი და ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ამ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, საზოგადოებამ შინაგანი შეზღუდვები უნდა დაიწესოს – დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, იზოლაცია და ა.შ.

„შეზღუდვების შემსუბუქება იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ამ ორი-სამი კვირის განმავლობაში საზოგადოების ნაბიჯებს, მოქალაქეთა თვითშეგნებას და ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც გვესაუბრებიან; რისკს ზრდის შეკრებები, თუნდაც ოჯახებში, მეგობრებთან და სხვა ღონისძიებები. ამის აცილება ჩვენზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ამას ვერაფრით დაარეგულირებს. სიმშვიდის უფლება არ გვაქვს, რადგან საქართველო პიკურ ფაზაში შევიდა, როდესაც შემთხვევები მოიმატებს და ბევრი შემთხვევა გვექნება, თუმცა, ის დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს. ანუ, დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული შემთხვევა და არა უფრო მეტი“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.