ალექსანდრე გოგინავა - ექიმების ვალია, მოსახლეობა დავაჯეროთ, რომ კორონავირუსი არსებობს, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია
ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსული ინფექციის არსებობის საერთოდ არ სჯერა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო დროს, დაავადების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება გაჩნდა და ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსული ინფექციის არსებობის საერთოდ არ სჯერა. ასეთ თეორიებსაც ავითარებენ, იმის მიუხედავად, რომ არის სტატისტიკა და ვიცით, რა ხდება სხვა ქვეყნებში. დაინფიცირებულია მილიონობით ადამიანი და არის ძალიან ბევრი დაღუპული. ჩვენი, ექიმების, სპეციალისტების ვალია, მოსახლეობას დავაჯეროთ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია. აი, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გოგინავამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის ვირუსის სამართავად, ვიდრე თავიდან იყო.
„ახლა ბევრად უფრო ინფორმირებული ვართ; ვიცით, რას უნდა ველოდოთ ამ ვირუსისგან, როგორი კლინიკური მიმდინარეობა აქვს მას, რა გართულებები შეიძლება, იყოს, როგორ შეიძლება ამ გართულებების პრევენცია და ა.შ. თავიდან, ამ ვირუსზე ინფორმაცია მსოფლიოში არ არსებობდა, რადგან ის სულ ახალი ვირუსი იყო, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ახლა ბევრად მზად არის როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა, რომ თუ მეორე ტალღა იქნება და შემთხვევები მოიმატებს, პაციენტების კლინიკურად მართვა მოვახერხოთ“, – განაცხადა გოგინავამ.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მეორე ტალღის მართვა უფრო გაადვილდება, რადგან ექიმებს გამოცდილება დაუგროვდათ, არის ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის შექმნის მოლოდინი და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია, ვაქცინის შექმნაც მოხერხდეს, რაც პაციენტთა მართვას გააადვილებს.