ალექსანდრე ძნელაძე - სოციალურ ქსელში ფასდაკლების ან თამაშის მიმზიდველი შეთავაზებებისგან თავი შორს დაიჭირეთ, თითქმის ყველა შემთხვევა თაღლითობაა
ალექსანდრე ძნელაძე - სოციალურ ქსელში ფასდაკლების ან თამაშის მიმზიდველი შეთავაზებებისგან თავი შორს დაიჭირეთ, თითქმის ყველა შემთხვევა თაღლითობაა

სოციალურ ქსელში თუ სარეკლამო ბანერი რამე პოპულარული პროდუქტის მეტისმეტად ხელსაყრელ ფასს ან მომგებიან თამაშს გთავაზობთ, თითქმის ყველა ასეთი შემთხვევა კიბერდანაშაულის ე.წ. ფიშინგის ფორმაა და უმჯობესია, მოერიდოთ, – აღნიშნული გაფრთხილება მოქალაქეებს საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს მისცა.

გადაცემაში საბანკო ანგარიშებზე გახშირებული კიბერთავდასხმების პრობლემა და მათი პრევენციის მექანიზმები განიხილეს. დისკუსიის დროს აქცენტი ე.წ. ფიშინგზე გაკეთდა, რომელიც კიბერშეტევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ფორმაა და მომხმარებლის პირადი ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების შედეგად საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანას გულისხმობს.

ფიშინგი ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების მექანიზმია. იგულისხმება, როდესაც მესამე პირს ეძლევა წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა საბანკო ბარათის მონაცემები, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რაც თაღლითს საშუალებას აძლევს, ინტერნეტბანკში შეაღწიოს. ფიშინგის მეთოდები იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ მსოფლიოში წლის ერთ-ერთ გამოწვევადაც კი არის აღიარებული. ის მეთოდია, რომლის საშუალებითაც თაღლითი ვირტუალურად შედის ნდობაში და პირად ინფორმაციას იღებს. შეიძლება, რომელიმე საიტზე ბარათით რამე პროდუქტი შეიძინოთ, შეიყვანოთ ინფორმაცია და თანხა ჩამოიჭრას, მაგრამ ეს თანხა უკან დაგიბრუნონ, თუმცა ერთ, ორ ან სამ თვეში მას მოიპარავენ“, – განმარტა ძნელაძემ.

მისი ინფორმაციით, ფიშინგი იმდენად ფართომასშტაბიანი გახდა, რომ მხოლოდ ბარათებს არ ეხება და ინტერნეტბანკშიც შეაღწია, რაც უფრო მაღალი რისკის შემცველია.

„თუ ბარათის შემთხვევაში კლიენტიც და ბანკიც მეტნაკლებად მომზადებულია და ყურადღებას აქცევენ, რომ დიდი მოცულობის ტრანზაქციები არ განხორციელდეს, ინტერნეტბანკი უფრო ღიაა. იქ თაღლითი სრულად ხედავს ყველა ანგარიშს და ყველა ტრანზაქციას. თუ მესამე ინტერნეტბანკში შესასვლელად სახელი და პაროლი მოიპოვა, რთულია, გააკონტროლო ვინ შევიდა ამა თუ იმ სივრცეში. ყველაზე გავრცელებულია ბანკის კლონი საიტების შექმნა. სოციალურ ქსელში, მაგალითად „ფეისბუქში“ რაღაც პირობითი გათამაშება ამოვა, რომელიც გაჩქარებთ, რომ ხვალამდე მიიღოთ მასში მონაწილეობა, რათა მოიგოთ 50 ათასი ლარი, ავტომობილი ან „აიფონი“. დარეგისტრირების შემდეგ ის თანხის გადარიცხვას ან ინეტრნეტბანკში შესვლას გთხოვთ. შემდეგ კი, უკვე კლონსაიტზე გადაყავხართ, რომელიც სინამდვილეში ბანკის საიტი არ არის. მისამართია მიმსგავსებული, ან ბანკის მსგავსი სახელი ჰქვია და რომელიმე ბანკის ინტერნეტბანკის ფორმატს ჰგავს. აქ დამატებით კოდს ითხოვენ და როცა შეიყვანთ, გეტყვით, რომ შეცდომაა და ახალი შეიყვანოთ. სინამდვილეში, ამ დროის განმავლობაში თაღლითი უკვე შესულია თქვენს ინტერნეტბანკში და ტრანზაქციებს ასრულებს“, – განაცხადა ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე მომხმარებელებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ საიტის მისამართს, რადგან თუ თანხა მიითვისეს, შემდეგ მისი დაბრუნება ძალიან რთულია.

„თუ სოციალურ ქსელში ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება გხვდებათ, თავი შორს დაიჭირეთ – თითქმის ყველა არის ფიშინგი. ასეთია განუსაზღვრელად დიდი ფასდაკლებები პოპულარულ პროდუქტებზე, როგორიცაა მაგალითად „აიფონი“ 10 დოლარად. მეორე ვარიანტია გათამაშებები, რომლებიც ოპერაციის რაც შეიძლება სწრაფ დასრულებას გთხოვენ. ამ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა საიტზე გადადიხართ, კონკრეტულად რა ვებგვერდია და რამდენად დაცული. უნდა იცოდეთ, რომ ინტერნეტბანკის ყველა გვერდი არის სერტიფიცირებული და მისამართის დასაწყისში აქვს https. თუ არ არის სერტიფიცირებული, ზოგიერთი საძიებო სისტემა ამას გატყობინებს. ყურადღება მიაქციეთ მისამართს, თუ ის იწყება http-ით, შეუძლებელია, რომ ეს ინეტრნეტბანკი იყოს. თუ ინტერნეტმაღაზიებში შედიხართ, ყველა ბრენდულ ინეტრნეტმაღაზიას სერტიფიცირებული ვებგვერდი აქვს. ერთადერთი თავდაცვის საშუალება ფიშინგთან მიმართებით არის პრევენცია, როგორც საფინანსო ინსტიტუტების, ისე მომხმარებლის მხრიდან, რადგან თუ ფაქტი მოხდა, შემდეგ თანხები რთული დასაბრუნებელია“, – დააკონკრეტა ალექსანდრე ძნელაძემ.