აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი – ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დამხმარე როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ გლობალური ცენზურის მცდელობებში უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით

01:17, 04.02.2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ევროკომისიამ სხვადასხვა პლატფორმაზე ზეწოლა მოახდინა, რათა შეეცვალათ წესები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული კონტენტისთვის. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2022 წლის დასაწყისიდან ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა პლატფორმებზე, რათა უფრო აგრესიულად გაეკონტროლებინათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული კონტენტი.

„2022 და 2023 წლების განმავლობაში რეგულარულ შეხვედრებზე ევროკომისიამ პლატფორმებს ჰკითხა, თუ როგორ შეცვალეს კონტენტის მოდერაციის წესები ომის საპასუხოდ და მოუწოდა მათ შემდგომი ცვლილებების შეტანისკენ. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა და შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო ამ მცდელობებში. 2022 და 2023 წლების განმავლობაში ევროკომისია პლატფორმებს ხვდებოდა და მოუწოდებდა მათ, შეეცვალათ წესები, რათა შეეჩერებინათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სავარაუდო დეზინფორმაციის გავრცელება. 2022 წლის იანვარში, ომის დაწყებამდეც კი, კომისიამ პლატფორმებთან დიდი ჯგუფური შეხვედრების მასპინძლობა დაიწყო, სადაც რეგულარულად ეკითხებოდა პლატფორმების კონტენტის მოდერაციის წესებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სულ მცირე, 14 შეხვედრა გაიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსული ომის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი გასაგებია, გაურკვეველი „პრობლემური კონტენტის“ ცენზურა სუბიექტური სტანდარტია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ევროკომისია მარტო არ მოქმედებდა. ანგარიშის თანახმად, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დამხმარე როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ გლობალური ცენზურის მცდელობებში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ.

„2022 წლის აპრილში აშშ-მა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დეზინფორმაციის გავრცელებას ონლაინ სფეროში მთავარ პრობლემად ასახელებდნენ. ევროკომისიამ უმასპინძლა დეკლარაციასთან დაკავშირებულ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდა აშშ-ის მაშინდელი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი. გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა კონფერენცია გამოიყენეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული კონტენტის აგრესიული ცენზურისკენ მოწოდებისთვის. კონფერენციის შემდეგ ევროკომისიამ პლატფორმებს სთხოვა, კონფიდენციალურად წარმოედგინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ქმედებების განხორციელებას გეგმავენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის შემცირების ზომების გასაუმჯობესებლად. საუკეთესო შემთხვევაში, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ცდილობდა ამერიკის სუვერენიტეტის შელახვას გლობალური ინტერნეტრეგულაციების მცდელობით“, – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი