ალექსანდრე ძნელაძე - ბანკები სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს რესტრუქტურიზაციას მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით შესთავაზებენ
პანდემიის გამო, ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის ბანკებმა რესტრუქტურიზაციებთან დაკავშირებით უკვე განაცხადეს მზაობა, რომ ყველასთან იმუშავებენ ინდივიდუალურად და შესთავაზებენ რესტრუქტურიზაციებს იმ გრაფიკებით, რა გრაფიკებიც მათთვის იქნება ხელსაყრელი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.
ამასთან ძნელაძის თქმით, სესხების საყოველთაო გადავადება არ იგეგმება.
„რეალურად, აღარ იქნება ერთიანი საყოველთაო გადავადება, რაც იყო წინა პერიოდში შეთავაზებული. მაგრამ მონიტორინგი კეთდება ინდივიდუალურად, უკვე მიდის კლიენტებთან მუშაობა და ხდება რესტრუქტურიზაციები.
პრემიერ-მინისტრმა დაავალა ბიზნესომბუდსმენის აპარატს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რა პრობლემებიც შეიძლება არსებობდეს რესტრუქტურიზაციების დროს. ასევე გამოითქვა მზაობა, რომ წლის ბოლომდე გარკვეული არსებული პროექტების გაფართოებით იქნება მუშაობა, მათ შორის იქნება ეს სუბსიდირების ნაწილი თუ საკრედიტო-საგარანტიო მიმართულება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მარტივად მოხდეს რესტრუქტურიზაცია. ოღონდ აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც კლიენტები აფიქსირებენ, არის ის დარიცხული პროცენტები, რაც უკვე დაუგროვდათ წინა გადავადებების დროს და დღეის მდგომარეობითაც, მისი კაპიტალიზაცია ხდება“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
„ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტის განმარტებით, ყველაზე მოწყვლად სექტორად, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა, ე.წ. სტუმარ-მასპინძლობის მიმართულება და მასთან დაკავშირებული სექტორები ითვლება.
„აქ იყო იგივე რესტორნების ნაწილი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ამუშავდა, ჰორეკას მიმართულებაც ერთი პერიოდი ამუშავდა და საკმაოდ ნორმალურადაც მიდიოდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ დღეის მდგომარეობით, როგორც ვიცი, შეზღუდვები არის, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს ისევ ამ მიმართულებას“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა.
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, „აწარმოე საქართველოში“ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომლის მიზანიც, საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებისთვის კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქება და მათი ბაზარზე ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობა იყო. სააგენტო 2020 წლის პირველი მარტიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას ახორციელებდა – ეროვნულ ვალუტაში 80 პროცენტის ოდენობით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 70 პროცენტის ოდენობით. ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ აპირებს ამ პროგრამის გაგრძელებას.
„მხოლოდ სასტუმროების ნაწილია სუბსიდირების პროექტში. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ იყო სასტუმროების ნაწილი, რომელიც ვერ მოხვდა ამ სუბსიდირების პროექტში და ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ იქნება შესაძლებელი, რომ ვთქვათ ამ პროექტს უფრო მეტი მოცვა ჰქონდეს. მე როგორც ვიცი, ამ პროგრამის გაგრძელებაზე არის მსჯელობა, მაგრამ ჯერ არაფერზე კონკრეტულად საუბარი არ შემიძლია“, – განმარტა „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.