ალექსანდრე ბარამიძე - მანდატურის სამსახურის საჭიროებები უახლოეს მომავალში შეფასდება 
ალექსანდრე ბარამიძე - მანდატურის სამსახურის საჭიროებები უახლოეს მომავალში შეფასდება 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პირველ არხს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, მოხდება მანდატურის სამსახურის საჭიროების შეფასება.

“დღეს შევიკრიბეთ, გვემსჯელა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის 51-ე სკოლაში შეიქმნა, დაისახა მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. მოკლევადიან პერსპექტივაში მოხდება მანდატურის სამსახურის საჭიროებათა შეფასება, რათა დავსახოთ გეგმა, თუ რა გზით შეიძლება სამსახურის გაძლიერება. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს, მოგეხსენებათ, რომ მოქმედებს სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ერთ-ერთი ქვეჯგუფი გახლავთ სწორედ არასრულწლოვნების თემაზე მომუშავე ჯგუფი, ამ ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა და შემდგომში საბჭო დაამტკიცებს კიდეც სტრატეგიას”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლების მინისტრების მოადგილე ლია გიგაური მონაწილეობენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძე და მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე.

უწყებათაშორისი ჯგუფი, პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, შსს მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით შეიქმნა.