ალექსანდრე ბარამიძე - გვარის შეცვლის მსურველს მოუწევს, თავად გამოცხადდეს შესაბამის სამსახურში და მიზეზი დაასაბუთოს
გვარის შეცვლის მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ზომიერად მკაცრი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არავის შეეძლება. თუმცა, გვარს ვერ შეიცვლის ძებნილი პირი, ასევე, გვარის შეცვლის მსურველი თავად უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და მიზეზი დაასაბუთოს.
„ამ მიმართულებით არსებული მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა, ზომიერად მკაცრი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს. მაგალითად იმით, რომ პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, პირს დასჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აუცილებლად თავად გამოცხადდეს და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გამოცხადდეს. დაასაბუთოს რაში და რატომ დასჭირდა გვარის შეცვლა“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცედურების გართულებით, ლიბერალური რეჟიმი, რაც ევროპელი კოლეგების შეშფოთების ერთ-ერთი საგანი იყო, უნდა შეიცვალოს.
მისი თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შეშფოთებით უყურებენ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არღვევენ.
„რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით, რადგან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთელ ქვეყანას, ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათი და პრივილეგია მოგვეპოვებინა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ იმ პირების მსხვერპლი გახდება დანარჩენი ქვეყანა, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ“, – აღნიშნა ბარამიძემ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების შემუშავებაა საჭირო, ერთ-ერთი კი, გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებებია. აღნიშნული საკითხი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს სხდომაზე წარედგინება, შემდეგ კი, მასზე პარლამენტში იმსჯელებენ.