ალექსანდრ ვუჩიჩი - ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვერ იმუშავებს წარმატებულად ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, ევროპაში ეს უნდა ესმოდეთ
ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა, რომ ისინი ამყარებენ ურთიერთობას ჩინეთთან სტრატეგიულ დონეზე და მალე ის აღმოჩნდება ისეთივე კითხვების წინაშე, როგორის წინაშეც მე აღმოვჩნდი: რატომ აკეთებთ ამას? ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან? – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვერ იმუშავებს წარმატებულად ჩინური ინვესტიციების, მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე.
„ევროპაში ხალხს ეს უნდა ესმოდეს. ამის გააზრებით უფრო დიდი გავლენა ექნებათ ევროკავშირზე და არა მასზე, ჩემსა თუ სხვაზე ზეწოლით, რადგან არ ვაპირებ, წავართვა ჩემს ქვეყანას ჩინური ინვესტიციების 30%. ამის უფლება არ მაქვს. მაქვს კი უფლება, რამე გავაკეთო 60-65%-იანი ევროპული ინვესტიციების წინააღმდეგ? არა, არ მაქვს და ამას არასდროს გავაკეთებ. ერთადერთი, ამას ვითხოვთ, რომ გვქონდეს ამ ტიპის არჩევანის თავისუფლება, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენი ქვეყნისთვის შეგვიძლია. თქვენ მოუსმინეთ ირაკლი ღარიბაშვილს. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება ერთ, ორ თუ ხუთ წელიწადში მის პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით. ამასთან, მინდა, აღვნიშნო, რომ ის იმსახურებდა, ემართა ქვეყანა, რამდენჯერაც ეს საჭირო იყო. თუ გახსოვთ, როდესაც საქართველო იყო უდიდესი ვარსკვლავი ევროპის გეოპოლიტიკურ ცაზე, როგორი იყო საქართველოს ზრდის ტემპი იმ დროს? თითქმის ნულოვანი, 1-1.5%. დღეს არავინ საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის კოლოსალური შედეგების შესახებ და ასევე ჯომართ თოყაევისაც. რატომ? რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, ასეთი შედეგებით დავიკვეხნოთ ევროპაში“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, უახლოეს ორ საათში შეხვდება ურსულა ფონ დერ ლაიენს.
„ვხედავ იმ მრავალ საკითხს, რომელიც უკვე გააკეთეთ, თუ შეგიძლიათ დახმარება, კარგია, მაგრამ გთხოვთ, საკუთარ თავსაც დაეხმარეთ, რადგან გულწრფელად გეტყვით, ჩვენ გვჭირდება ძლიერი გერმანია…. როდესაც მათ ხველა ეწყებათ, ჩვენ ფილტვების ანთებას ვიღებთ, როდესაც მათ აქვთ მინუს 0.3%-იანი შემცირება, ჩვენ პრობლემა გვაქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა პლუს 4,5% და არა – 3.5% ან რამე მსგავსი, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვუჩიჩმა.