ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი კოსოვოში საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსებას ითხოვს
სერბეთი კოსოვოში საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია კოსოვოში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობის განმუხტვისთვის.
ვუჩიჩი აპირებს, მიმართოს ნატო-ს მისიას, რათა მათ უფლება მისცენ ბელგრადს, კოსოვოში სერბული პოლიცია და შეიარაღებული ძალები განალაგოს.
მანამდე, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, ქუჩებში არეულობა იყო, ისმოდა სროლის ხმაც, ამის გამო კოსოვოში 18 დეკემბერს დაგეგმილი მერების არჩევნები 23 აპრილამდე გადადეს. როგორც კოსოვოს პრეზიდენტმა განაცხადა, არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური ძალებთან კონსულტაციებით მოხდა.
კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა განაცხადეს, რომ მერების არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. ეთნიკურად სერბმა მერებმა კი კოსოვოში შესვლის ახალი წესის მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამდებობები.
აღსანიშნავია, რომ კოსოვოში შესვლის ახალი წესის შესახებ დავა ბელგრადმა და პრიშტინამ ნოემბრის ბოლოს მოაგვარეს. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბელგრადმა უნდა შეწყვიტოს კოსოვოს ქალაქების აღმნიშვნელი ავტომობილების სანომრე ნიშნების გამოშვება, ხოლო პრიშტინა თავის მხრივ უარს იტყვის სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ხელახალ რეგისტრაციაზე.