ალექსანდრ სირსკიმ კურსკის მიმართულებაზე განლაგებულ ქვედანაყოფებთან საბრძოლო მოქმედებების ორგანიზების საკითხები განიხილა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკის მიმართულებაზე განლაგებულ ქვედანაყოფებს ესტუმრა, სადაც, მეთაურებთან ერთად, საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანების ეფექტურობის გაზრდის საკითხებზე იმსჯელეს.
„ვიმუშავე კურსკის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ნაწილებსა და ქვედანაყოფებში. ამ ოპერატიული რაიონის მნიშვნელობა არ შეიძლება არასათანადოდ შეფასდეს, თუ გავითვალისწინებთ იქ თავმოყრილი მოწინააღმდეგის ძალების რაოდენობას“, – განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, რუსები ცდილობენ, უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის რეგიონიდან განდევნონ და წინ წაიწიონ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„ჩემი სამუშაო მიმართული იყო მეთაურებისთვის დახმარების გაწევისკენ საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებაში, მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანების ეფექტურობის გაზრდასა და ყოველმხრივი უზრუნველყოფისა და რეზერვების მომზადების საკითხების გადაწყვეტაში“, – აღნიშნა სირსკიმ.
მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინელი მებრძოლების სიმტკიცე რომ არა, რუსეთის მოიერიშე ქვედანაყოფები უკვე დაიწყებდნენ პოკროვსკის, კურახოვოს ან ტორეცკის მიმართულებაზე განლაგებული უკრაინული პოზიციების შტურმს, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებდა ფრონტზე არსებულ ვითარებას.
ცნობისთვის, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის 50-ათასიანი დაჯგუფება კურსკის ოლქში მასშტაბური კონტრშეტევის დაწყებისთვის ემზადება.