საკონსტიტუციო ცვლილებებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს შესაძლებლობა ექნება, რომ არჩევნებში 2035 წლამდე იყაროს კენჭი
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დადგენილებას მოაწერა ხელი.
კონსტიტუციაში ძირითადი ცვლილებები ნეიტრალიტეტზე უარის თქმაა. არაბირთვული სტატუსის გაუქმებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში შესაძლოა, ბირთვული იარაღი კვლავ განთავსდეს.
ასევე, ცვლილებები ალექსანდრ ლუკაშენკოს სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისგან სამუდამო იმუნიტეტს ანიჭებს. ამასთან, შესაძლებლობას ანიჭებს, არჩევნებში 2035 წლამდე იყაროს კენჭი. პარალელურად, კი ყველა იმ პირს, ვინც ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში დროებით დატოვა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვას უკრძალავს.
კიდევ ერთი ცვლილება 1 200 დელეგატისგან შემდგარ ბელარუსის სახალხო ასამბლეას ეხება, რომელიც ლუკაშენკოს ერთგული ხალხით არის დაკომპლექტებული. უფლებამოსილების გაზრდით, ასამბლეა პარლამენტის პარალელური სტრუქტურა გახდება. ასამბლეას შესაძლებლობა ექნება, წარმოადგინოს ინიციატივები კონსტიტუციასა თუ კანონპროექტებში ცვლილებების შესახებ, შეარჩიოს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები.