ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს
ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს

რუსეთის ფედერაცია და ჩვენ მით უმეტეს (ბელარუსი), მუდმივად სანქციების ქვეშ ვართ. მართალია, დღეს ისინი უფრო მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მიჩვეული ვართ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათაც ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც. როდესაც თქვენთან ამოვდიოდი, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, გადავიტანთ სანქციებს თუ არა. მისმინეთ, დღეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ჩვენთვის სანქციები არის შესაძლებლობების დრო. მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს. ლუკაშენკომ პუტინს შესთავაზა კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია და განვითარება სანქციების დასაძლევად.

„მე გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას. ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

პუტინის თქმით, „ლუკაშენკო აბსოლუტურად მართალია, საბჭოთა კავშირი მართლაც მუდმივად ცხოვრობდა სანქციების პირობებში, ვითარდებოდა და აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს“.