ალექსანდრ ლუკაშენკო - შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ ახლა მხოლოდ მე შემიძლია ბელარუსების დაცვა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აღიარებს, რომ შესაძლოა, მან პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას „ცოტა გადააჭარბა“.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. ლუკაშენკომ ასევე დასძინა, რომ ამჟამად მხოლოდ მას შეუძლია „ბელარუსების დაცვა“.
„კი, შესაძლოა, მე ამ სკამზე ყოფნის დროს ცოტა გადავაჭარბე. შესაძლოა, მე მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც. თუმცა ახლა ბელარუსების დაცვა ნამდვილად მხოლოდ მე შემიძლია“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
რუსული მედიის წარმომადგენლებს ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80 პროცენტით გამარჯვებულად კვლავ მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.