ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროპული ქვეყნები, პირველ რიგში, საფრანგეთი, მზად არიან უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს
ევროპული ქვეყნები და, პირველ რიგში, საფრანგეთი, მზად არიან უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის პოზიციაა, იბრძოლოს ტერიტორიების გათავისუფლებისთვის თუნდაც ბოლო უკრაინელამდე, აშშ-ის პოზიცია კი შუალედურია, კონტრშეტევის შემდეგ ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები სრულად არიან დამოკიდებული აშშ-ის გადაწყვეტილებებზე, ჩინეთს კი შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში.
„ბელარუსისა და რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინის დასავლეთი ტერიტორიების პოლონეთის ან სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაკავების შესაძლებლობა. ჩვენ განვიხილეთ ეს თემა რუსეთის პრეზიდენტთან – სრული ურთიერთგაგებაა. ეს არის ძალიან საშიში გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის. თუ მათ აქვთ სურვილი, შეიჭრან უკრაინის ტერიტორიაზე და დაიბრუნონ „ისტორიული ტერიტორიები“, ეს ჩვენთვის მიუღებელია. მოვა თუ არა დასავლეთი გონს? დასავლეთი არასოდეს არაფერს ცნობს და არც აღიარებს, მით უმეტეს, ახლა. ისინი საკუთარ თავს ყველაფრის ბატონებად ხედავენ. არ არსებობს ევროკავშირი, არ არსებობს ევროპა – ის მთლიანად შეერთებული შტატების ფეხქვეშაა და ყველაფერი, რაც ვაშინგტონშია მიღებული, ევროპელებიც იღებენ, საკუთარი ზიანის მიუხედავად. აიღეთ გერმანია – მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა იყო. სად არის ის ახლა? რატომ იყო საჭირო ასეთი მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის განადგურება შიშით ან ვინმეს მოსაწონად?“ – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.