ალექსანდრ ლუკაშენკო - დანაღმული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიიდან მივიღეთ
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, „რაინეარის“ ათენი-ვილნიუსის რეისის თვითმფრინავის დანაღმვის თაობაზე ინფორმაცია საზღვარგარეთიდან – შვეიცარიიდან მიიღეს.
მისი თქმით, შეტყობინება ერთდროულად ათენის, ვილნიუსისა და მინსკის აეროპორტებში შევიდა. საპასუხოდ, ბელარუსულმა მხარემ თვითმფრინავის ეკიპაჟს დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
„ამ დროს თვითმფრინავი ჩვენს საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. მიღებული ინფორმაცია პილოტებს გადავუგზავნეთ. „ჰამასის“ საკითხს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენს თავზე 123 მგზავრსა და ეკიპაჟის ექვს წევრს საფრთხე ემუქრებოდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.