ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა
ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა, სადაც უკრაინის საზღვართან არსებული ვითარება განიხილეს.
10 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინულმა დრონებმა გადაკვეთა.
„ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ჩვენ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე კონტროლი გავაძლიერეთ. მეტიც, ჩვენ იქ ჩვენი არმიის დანაყოფები გავიყვანეთ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკო ძალოვნებთან შეხვედრისას დაინტერესდა, თუ როგორია ამჟამად მდგომარეობა საზღვარზე და განთავსებულია თუ არა ყველა დანაყოფი აღნიშნულ რაიონში გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.
„როგორც მინისტრი და სახელმწიფო მდივანი, ასევე „კაგებეს“ თავმჯდომარე მაცნობებენ, ჩვენ მზად ვართ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომლებიც ბელარუსის წინაშე არსებობს. როგორც მესმის, ბელარუსის მიმართ სავარაუდო ბინძური ხრიკების (არ მინდა, ვთქვა თავდასხმების ან დარტყმების) მოსაგერიებლად ჩვენ ყველაფერი გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამავე თათბირზე ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციების მაღალი ალბათობის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული მხარე უწყვეტად ატარებს დაზვერვას, რისთვისაც აქტიურად იყენებს დრონებს, მათ შორის ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობებით.
„სასაზღვრო რაიონებში უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების ყოფნის პირობებში ნარჩუნდება ჩვენს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების, ასევე რეზონანსული აქციების მომზადებისა და ჩატარების მაღალი ალბათობა, მათ შორის ბელარუსული ნაციონალისტური ფორმირებების მონაწილეობით“, – განაცხადა მინისტრმა.