ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, ამას ომსაც არ დავარქმევდი, ეს არის კონფლიქტი. ერთი-ორი დღე ომი იქნება და სამი დღის შემდეგ კი ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცევა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, „ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან უკრაინა“, ლუკაშენკოს თქმით, „რუსეთზე თავდასხმას აპირებდა და ამისთვის მზად ჰქონდა რაკეტები ბელორუსის საზღვართან“.
ლუკაშენკომ მოუწოდა უკრაინას, „გახდეს ისეთი ქვეყანა, როგორც ბელარუსია – ნეიტრალური, ბირთვული იარაღის გარეშე“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მინსკში მოლაპარაკებებს არ გამართავენ.
„ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში, დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნისა, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ მოფრინავს“,- აცხადებს ზელენსკი.