ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი
ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პეკინში, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ჩინეთსა და ბელარუსს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება განსაზღვრულია ორი ქვეყნის იდეოლოგიების ერთიანობით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, პროცესების ლოგიკით.
„ეს მეგობრობა უკვე 30 წელს ითვლის და ამ გზიდან არც ერთხელ გადაგვიხვევია არც მარცხნივ და არც მარჯვნივ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მიმდინარე წელს ეს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სი ძინპინის მეორე შეხვედრაა. მათი წინა შეხვედრა პირველ მარტს შედგა. ბელარუსული მედიის ცნობით, სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ორმხრივი მოლაპარაკებები დაგეგმილზე სამჯერ მეტხანს გაგრძელდა.