ალექსანდრ ლუკაშენკო - აფხაზეთში ჩამოსვლამდე, პუტინთან საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს და ვერავითარი სანქციები მას რუკიდან ვერ წაშლის
ალექსანდრ ლუკაშენკო - აფხაზეთში ჩამოსვლამდე, პუტინთან საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს და ვერავითარი სანქციები მას რუკიდან ვერ წაშლის

აფხაზეთში ჩამოსვლამდე, პუტინთან საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს და ვერავითარი სანქციები მას რუკიდან ვერ წაშლის, – ბელარუსის სამთავრობო მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ამ საკითხებზე ბევრი ვიმსჯელეთ, ღამემდე. ის ჩემზე მეტად არის ჩაფლული აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში. ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება, ამას ვერანაირი სანქციები ვერ გააკეთებს. აფხაზეთი, როგორც ის ამბობს, არ უნდა იყოს მიტოვებული, მას უნდა დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მიწამ და აქ მცხოვრებმა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, „აფხაზეთში იმიტომ არ ჩასულა, რომ ვითარება გართულდა“.

„ნორმალური მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ არანაირი გეოპოლიტიკით არ ვიტანჯებით. ჩვენ უბრალოდ გვინდა, როგორც თქვენ, მშვიდობიან, კეთილ, შრომისმოყვარე ადამიანებს, ვიცხოვროთ ჰარმონიაში. და თუ ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ რაიმეში და ეს თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, უკვე გამოცდილი ადამიანი ვარ, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში. მოდით, ვისაუბროთ, ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეგვიძლია, ვიცხოვროთ. მთავარია, აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან სამოთხის ეს ნაწილი ჩვენს დედამიწაზე იმსახურებს ამას. და აქ ხალხი წმინდაა. არ გეპირფერებით. ეს მახსოვს საბჭოთა დროიდან, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ჩვენი ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.