ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების“ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები სანქციებით დაემუქრნენ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების“ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები სანქციებით დაემუქრნენ.

უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ „აღიარების“ საკითხი რუსეთთან განიხილა, თუმცა მოსკოვს მასზე ზეწოლა არ განუხორციელებია.

ლუკაშენკოს განცხადებით, 2008 წელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ მას სთხოვა, არ ეღიარებინა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, რადგან ეს დსთ-ის ქვეყნებში „აღიარების აღლუმს“ გამოიწვევდა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, კითხვაზე, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მინსკის მიერ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას“, სოლანამ უპასუხა, რომ ბელარუსს „სვიფტის“ საერთაშორისი სისტემიდან დაუყოვნებლივ გათიშავდნენ. ამის შემდეგ, ლუკაშენკოს თქმით, მიმართა რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს და შესთავაზა, ამ ზარალის ანაზღაურება საქართველოს ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში, მაგრამ მედვედევმა ამ საკითხის მოგვარებაზე უარი თქვა.