ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ავსტრიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ვენაში ბელარუსის პრეზიდენტს ავსტრიის პრეზიდენტმა უმასპინძლა.

ლუკაშენკოს თქმით, ევროკავშირი ბელარუსისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საინვესტიციო პარტნიორი ხდება. მისივე განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა ბელარუსში პროექტების განვითარებაში 700 მილიონი ევრო დააბანდეს.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და ავსტრიას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის განვითარება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსმა და ევროკავშირმა წელს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ პროექტები შეათანხმეს. ბელარუსის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე შეთანხმებას უახლოეს ხანში მოეწერება ხელი.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ლიდერი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.