ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში უკრაინის საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ცხრა აგვისტოს რესპუბლიკის ტერიტორიის თავზე უკრაინის „საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს.
„პირველად არ მომხდარა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქცევის ყველა წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, შემთხვევა რუსეთის მოსაზღვრე კოსტიუკოვიჩის რაიონში მოხდა.
ლუკაშენკოს ინფორმაციით, ჩამოგდებულია რამდენიმე სამიზნე, რომელთა ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ.
„ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატები“, – განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ სამხედროებს დაავალა, მიიღონ შესაბამისი ზომები ბელარუსის ტერიტორიის დასაცავად.
„რაში სჭირდება ეს უკრაინას, არ მესმის, უნდა გავარკვიოთ. მაგრამ როგორც მე ვთქვი, ჩვენ მკაფიოდ განვუსაზღვრეთ მათ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.