ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გამოფენას „გაცოცხლებული დრო“ მასპინძლობს [ფოტო]
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გამოფენას სახელწოდებით „გაცოცხლებული დრო“ მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსანდრეს ჭავჭავაძის შვილთაშვილის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძის კუთვნილი ჯიბის საათი. წინანდლის მუზეუმის ინფორმაციით, ჯიბის საათი ალექსანდრე ჭავჭავაძემ სავარაუდოდ, პეტერბურგში საიმპერატორო მესაათისგან პაველ ბურესგან 1893 წელს შეიძინა. ნივთი სახელობითია და მის სარქველზე ქართული მონოგრამა „ა ჭ“ და ჭავჭავაძეების საგვარეულო გვირგვინია დატანილი. პაველ ბურეს საათები დღეს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია გამოფენილი.
აღნიშნული ჯიბის საათი აუქციონის წესით აშშ-ში, 2018 წლის იანვარში წინანდლის მუზეუმმა შეიძინა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შენახული მასალები, რომელიც საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძის, მისი ოჯახისა და თანამოაზრეების ტრაგიკულ ბედს ასახავს.