ალეკო ელისაშვილი - ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ეძებენ, თავისი სიტყვისა და რიტორიკის ტყვეობიდან როგორ გამოვიდნენ
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ყველა ეძებს, თავისი სიტყვის და რიტორიკის ტყვეობიდან როგორ გამოვიდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „გირჩის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელისაშვილის თქმით, კვირას გაიმართება შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან, ასევე უახლოეს პერიოდში შეხვდებიან „ლელოს“, შემდეგ კი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს იმ წინადადებების გასაცნობად, რაზეც დღეს „გირჩის“ ოფისში იმსჯელეს.
„ნებისმიერს დავეხმარებით თავისი რიტორიკის ტყვეობიდან გამოსვლაში, ამას დაცინვის გარეშე, გულწრფელად ვამბობ. ქვეყანა არის კრიზისში, უმძიმეს მდგომარეობაში და ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და „გირჩს“ ერთმანეთის დარწმუნება არ გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ, სხვებს მოვუსმინოთ, სხვებიც დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური წინადადება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.