ალეკო ელისაშვილი - ვისურვებდი, პარლამენტი ცირკი და ბალაგანი კი არ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლის შემდეგ, არამედ პრობლემების მოგვარებაზე მსჯელობის სივრცე
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარლამენტი პრობლემების მოგვარების სივრცე იქნება.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო და ვისურვებდი, ცირკი და ბალაგანი კი არ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლის შემდეგ და მარტო კამერებთან კეკლუცობა, არამედ ეს იყოს ხალხზე, ქვეყანაზე ფიქრის და პრობლემების მოგვარებაზე მსჯელობის სივრცე“, – განუცხადა ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უკვე მივიდნენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია ჯერ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.