პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც საკანონმდებლო ორგანოში შესულმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ისინი დღეს სხდომათა დარბაზშიც იქნებიან წარმოდგენილნი.

„ვაპირებთ დღეს სხდომათა დარბაზში შესვლას, ჩვენი კოლეგები მოდიან. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს. წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შემდეგ შევალთ დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენ ვართ ძალიან დიდი ოპოზიციური ძალა. დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. ამნისტიის კანონპროექტის გადადება გულისხმობს იმას, რომ მათ შეეშინდათ სხდომათა დარბაზში ჩვენი შესვლის. საპარლამენტო მანდატებს 32 ადამიანი ავამოქმედებთ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩამოცილდეს ხელისუფლებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია ჯერ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.