ალეკო ელისაშვილი - უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ფეხი დავუდეთ და ლამის ზურგში მახვილი ჩავარტყით
უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ფეხი დავუდეთ და ლამის ზურგში მახვილი ჩავარტყით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფო ასეთი თავლაფდასხმული არასდროს ყოფილა.
„მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინა, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული და რომელიც გმირულად იგერიებს უდოს დამპყრობლებს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა იმ ფრაზას, რაც ღარიბაშვილმა თქვა. ჩვენი სახელმწიფო, არსებობის მანძილზე ასეთი თავლაფდასხმული არასდროს ყოფილა, რადგან არასდროს არ მიგვიტოვებია და არ გვიმუხთლია ჩვენი მოკავშირისთვის, ჩვენი ძმებისთვის და მეგობრებისთვის. უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ფეხი დავუდეთ და ლამის ზურგში მახვილი ჩავარტყით. ვინც ამ ყველაფერში შარში გაგვხვია ბატონმა ღარიბაშვილმა, ლაფი როგორც თავზე დაგვასხა თავზე, ახლა მაინც გადადგას ნორმალური ნაბიჯი, მოიხადოს ბოდიში და წავიდეს. მოხალისეების ამ ფორმით გაგზავნას უკრაინა გაუგებდა, რადგან უკრაინა ხვდება, რომ ჩვენც ლომის ხახაში გვაქვს თავი, რომ არ ყოფილიყო ის პირველი განცხადება. იმან შექმნა ფონი. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ადეკვატურად და გასაგებად თქვა, რომ ჩვენ იმდენი რესურსი არ გვაქვს, რამე სერიოზულად ვავნოთ რუსეთს, მაგრამ ჩვენ რაც მოგვეთხოვება, არის სოლიდარობა. ვინ გვთხოვს ახლა ისეთი სანქცია დავუწესოთ, ახლა ფარცხანაყანევიდან მწვანილს არ შევიტანთ და სული ამოხდება რუსებს, ან ატამს არ შევიტანთ კახეთიდან და დაიხოცებიან ატმისა და მწვანილის გარეშე, არავინ არ სთხოვს. იმას მაინც ნუ იტყვი, რომ არაფრით შევუერთდები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.