ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთვის წერილის გაგზავნა იმ მიზნით, რომ საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს წევრებს სანქციები დაუწესდეთ, არასერიოზულია.
როგორც მან „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს და ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრებაზე არ საუბრობს.
,,ჩვენ არ ვართ მომხრე, ეს წერილი გაიგზავნოს, რადგან ეს უბრალოდ არასერიოზულია. თუ დავაკვირდებით საერთაშორისო კონტექსტს, ნატო-ს, ევროკავშირის, აშშ-ის განცხადებებს, იქ ივანიშვილს სანქციები დავადოთო კი არ ამბობენ, არამედ ოპოზიციამ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს და შევიდეს პარლამენტშიო. პირიქით არის ეგ ამბავი. ოპოზიციას სანქციებს ვერავინ ვერ დაგვიწესებს შეერთებული შტატებიდან, მაგრამ კარგი იქნება, ქართველი, მით უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები კარგად თუ გაიაზრებენ საერთაშორისო კონტექსტს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნის წერილს რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები.