შალვა ნათელაშვილი - ქრისტიანული ცივილიზაცია და ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია დემოკრატიისთვის
შალვა ნათელაშვილი - ქრისტიანული ცივილიზაცია და ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია დემოკრატიისთვის

კარგი ამბები მოდის ვაშინგტონიდან. დღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს, ვისი ხელითაც პრეზიდენტმა გააყალბა არჩევნები და მიითვისა ძალაუფლება, დაედოთ სავიზო და ფინანსური სანქციები. ვიმედოვნებ რომ აშშ-ის ხელისუფლება ასევე მოკლე ვადებში განახორციელებს, ასევე ცენტრალური გამყალბებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის სანქცირებას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

ამასთან, ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები“.

„მათი ყველა ხელმძღვანელი უნდა მოხვდეს სავიზო და ფინანსური რეპრესიების რეჟიმში კარგი გაგებით და ეს ორგანიზაციები უნდა გამოცხადდეს მიუღებელ, გამყალბებელ, კრიმინალურ, რუსი ოლიგარქის ნების შემსრულებელ სტრუქტურებად. ყოველგვარი საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პუტინის წარმომადგენელს გაუპრავოს ძალადობის შედეგი, მიუღებელი და წარმოუდგენელია. საქართველო შედის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე, რის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ დარჩება ძალაუფლებაში გაყალბებით და მოსყიდვით. გვაქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მოკლე ვადებში მიიღებს ჩამკეტ გადაწყვეტილებას, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, ერთპარტიული ე.წ. პარლამენტის არსებობას ევროპის იმ სივრცეში, რომელიც ათასწლეულების მანძილზე იყო ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძველი. ქრისტიანული ცივილიზაცია და ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია დემოკრატიისთვის. ვერანაირი საქმე ვერ განხორციელდება თანამონაწილეების გარეშე. აი, ისეთი თანამონაწილეების, როგორიც არიან: ვოლსკი, კობახიძე, წულუკიანი. წულუკიანს ვერ გაურჩევია რა არის საპარლამენტო ბოიკოტი და რა არის პარლამენტში არშესვლა. ივანიშვილზე დგას საკითხი ვაშინგტონში ეს ამბავი ვიცით, ჩვენ ჩამოვყვებით მის თანამონაწილეებს, ესენია უშიშროების სამსახური და ცესკო. ეს ორი ორგანო უნდა იყოს პარალიზებული. ყველა უბნის თავმჯდომარე, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, ვისი ხელითაც ყალბდება, უნდა აეკრძალოს ევროკავშირში და აშშ-ში მიმოსვლა. ვაპირებთ, ხვალ გავუშვათ წერილი ვაშინგტონში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს ჩვენს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები. მერე ვნახოთ ჟვანიას ქალი როგორ დაისვენებს ჰავაის კუნძულებზე და ფლორიდაში, ცხვირს ვერ გაჰყოფს აეროპორტიდან და სად წაიღებს და დახარჯავს იმ აღებულ მილიონებს იმასაც ვნახავთ, უსასრულოდ ხო არ დაიწყებს მშენებლობას. დაუობდება ის ფული. წერილის გაგზავნას „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით ვაპირებთ და იმედია, კოლეგები შემოგვიერთდებიან. ოპოზიციური სპექტრიც იზიარებს ამას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.