ალეკო ელისაშვილი - სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს
სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საინტერესო დისკუსია იყო და პენსიონერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
ელისაშვილის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში კონკურსის სახით შეირჩეს ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.
„სულ მცირე ორი ბანკისგან დადასტურებულია, რომ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს და ეს სუბსიდია არაფერი არ არის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის. შევთანხმდით, რომ კონკურენცია ბანკებს შორის იქნება სესხის პროცენტთან დაკავშირებით. დღეს რომ „ლიბერთი ბანკი“ 36%-ში აძლევს სესხს, ე.წ. ჭერი იქნება 26% და შეიძლება, იყოს ამაზე ნაკლები. „ლიბერთი ბანკს“ პენსიის დარიგებისგან შემოსავალი რომ არ აქვს, იმიტომ ატყავებს პენსიონერებს. შესაბამისად, სახელმწიფო ამბობს, რომ სრულიად უფასოდ კი ნუ დაარიგებ, არამედ მე გაძლევ 15 მილიონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.