ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის კრიტიკაზე და მათთან კინკლაობაზე მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული, გიგა ბოკერიას მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას
ოპოზიციის კრიტიკაზე და მათთან კინკლაობაზე მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მაქვს, მაგ ბატონს ვუპასუხო, ძალიან სასაცილოა. მისი მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოს არა რევოლუცია, არამედ ეტაპობრივი, საფეხურებრივი განვითარება სჭირდება.
„ღმერთმა დაიფაროს საქართველო კიდევ ერთი რევოლუციისგან. ამ ქვეყანას სჭირდება ეტაპობრივი, საფეხურებრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, ევოლუციური და არა რევოლუციური. ეს რევოლუციები და გადატრიალებები, კიდევ ვიღაც ძვლებში დამამტვრეველი ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნება, გლდანის ციხის იმ ფუნქციით აღდგენა, როგორითაც იყო 2012 წლამდე- ამისგან ღმერთმა დაიფაროს საქართველო. ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ. ვინც იბრალებს, რომ რევოლუციას მოაწყობს, იმ ხალხის რევოლუცია არ გაიშვას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.