ალეკო ელისაშვილი – ოპოზიციის კრიტიკაზე და მათთან კინკლაობაზე მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული, გიგა ბოკერიას მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას

18:34, 28.01.2021

ოპოზიციის კრიტიკაზე და მათთან კინკლაობაზე მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მაქვს, მაგ ბატონს ვუპასუხო, ძალიან სასაცილოა. მისი მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს არა რევოლუცია, არამედ ეტაპობრივი, საფეხურებრივი განვითარება სჭირდება.

„ღმერთმა დაიფაროს საქართველო კიდევ ერთი რევოლუციისგან. ამ ქვეყანას სჭირდება ეტაპობრივი, საფეხურებრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, ევოლუციური და არა რევოლუციური. ეს რევოლუციები და გადატრიალებები, კიდევ ვიღაც ძვლებში დამამტვრეველი ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნება, გლდანის ციხის იმ ფუნქციით აღდგენა, როგორითაც იყო 2012 წლამდე- ამისგან ღმერთმა დაიფაროს საქართველო. ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ. ვინც იბრალებს, რომ რევოლუციას მოაწყობს, იმ ხალხის რევოლუცია არ გაიშვას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

მსგავსი