ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა ახლაც კრახით დასრულდება, თითქოს არ იცოდეს მარგველაშვილმა, რომ სამეულის სპონსორი კეზერაშვილია და აქედან არც აჯაფსანდალი გამოვა და არც ჩახოხბილი
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა ახლაც კრახით დასრულდება, თითქოს არ იცოდეს მარგველაშვილმა, რომ სამეულის სპონსორი კეზერაშვილია და აქედან არც აჯაფსანდალი გამოვა და არც ჩახოხბილი

აქამდე ოპოზიციის დიდი გაერთიანების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა და ახლაც ასე დასრულდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, მიამიტობა იყო, თითქოს ყველას ერთად შეეძლო დაჯდომა და საერთო მიზანზე საუბარი.

„სჯობდა, ყველას ჩვენი წითელი ხაზები წინასწარ გვეთქვა და ამის გათვალისწინებით საერთო კონტურები მოგვეძებნა. ერთ ქვაბში ჩაყრა და აჯაფსანდალის გაკეთება რომ გვინდოდა, არაფერი გამოვიდა. ჩემთვის წითელი ხაზია წინა ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ და ფულს იპარავდნენ. ყველა მექრთამე მძულს და როგორც ჩანს, ახლა ზოგიერთი მექრთამე სიტუაციური მოკავშირეა, მაგალითად, კეზერაშვილი. ეს ჩემთვის აუხსნელია. ამ ადამიანმა ჯარს ფული მოპარა და მას ფული როგორ უნდა გამოართვა და ერთობაში შეხვიდე? მარგველაშვილის მიკვირს, თითქოს არ იცოდეს, რომ იმ სამეულის სპონსორი კეზერაშვილია. აქედან არც აჯაფსანდალი გამოვა და არც ჩახოხბილი. როცა დამფინანსებელი მექრთამეა და ფული მოპარა არმიას, მასთან არანაირი კონტაქტი არ უნდა გქონდეს და ამ საქმისგან არაფერი გამოვა. ხშირ შემთხვევაში, მიზანს საშუალებები გვაშორებს. თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა. მათთან ვისაუბრებ, ვისაც უნდა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ წავიდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოიყვანა.