ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია კონსტრუქციული რომ ყოფილიყო, ასეთი დესტრუქციული შედეგი არ იქნებოდა, ცნობილია ის პარტიები, რომლებსაც არაფრის ფასად შეთანხმება არ უნდათ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესში ოპოზიცია კონსტრუქციული რომ ყოფილიყო, მაშინ შეთანხმება გაფორმდებოდა.
მისივე თქმით, ცნობილია ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არაფრის ფასად შეთანხმება არ სურდათ.
„რეალური, კონსტრუქციული გარემო რომ ყოფილიყო და ოპოზიცია კონსტრუქციული ყოფილიყო, ასეთი დესტრუქციული შედეგი არ იქნებოდა. სურვილი, მზაობა და კონსტრუქციული რომ ყოფილიყო, შეთანხმება გაფორმდებოდა. ვის აკლდა სურვილი, ცნობილია ის პარტიები, ვისაც არაფრის ფასად შეთანხმება არ უნდათ. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო კომიტეტის თავმჯდომარეებსა და დელეგაციებზე, როგორ გადანაწილდებოდა. საუბარი იყო ხუთ კომიტეტზე, მათ შორის ორ წამყვან კომიტეტზე. საუბარი იყო თავმჯდომარეობაზე და არა გვარებზე. ზოგადად, ეს წესია ძალაუფლების გადანაწილების. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იდეაა და კარგი იქნებოდა, ეს ასე მომხდარიყო“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა სამი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“, რომლებიც ძალიან ხისტად მოქმედებდნენ.